ზურაბ ნოღაიდელმა თბილისი-იგოეთის სწრაფმავალი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა

10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი თბილისი-იგოეთის სწრაფმავალი ავტომაგისტრალის მშენებლობის დასათვალიერებლად გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრს მეგზურობას უწევდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი რომან დალაქიშვილი. ზურაბ ნოღაიდელი მშენებლობის ტემპებითა და ხარისხით კმაყოფილი დარჩა.

- ,,გზების მშენებლობა, რომლის უმთავრესი კომპონენტი ავტომაგისტრალების მშენებლობაა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ვაშენებთ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაგისტრალი აუცილებლად ლესელიძემდე მივა. წელს დასრულდება თბილისი-აღაიანის მეორე ხაზის მშენებლობა, მაგისტრალის პირველ ხაზს გაიყვანენ იგოეთამდე. მომავალ წელს კი გაკეთდება როგორც იგოეთის ესტაკადები, ისე იგოეთი-სვენეთის კიდევ ერთი ხაზი, გზის მშენებლობა რუისამდე გაგრძელდება; ეს ჩვენი უახლოესი პერიოდის ამოცანებია. შემდეგ ეტაპზე სამუშაოები, კერძო ინვესტიციებით, რუისიდან რიკოთის უღელტეხილამდე გაგრძელდება.

მშენებლობა ხარისხიანად მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები 15 ნოემბრისთვის დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ გვექნება მაღალი ხარისხის ავტომაგისტრალის პირველი, შედარებით პატარა მონაკვეთი, რომელსაც, როგორც ვთქვი, აუცილებლად ავაშენებთ ლესელიძემდე" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე დაათვალიერა ქართულ-თურქული კომპანია ,,ბლექ სი გრუპი" (ცემენტის ქარხანა) და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი