საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა

11 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში ჩავიდა. მას მეგზურობას სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზაზა გოროზია უწევდა. ზურაბ ნოღაიდელი რეგიონში მიმდინარე მშენებლობებს, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო და ტურისტულ სფეროებში დაგეგმილ პროექტებს გაეცნო, კერძოდ, ქალაქ ფოთში იგი გაეცნო ფოთის ახალი თეატრის მშენებლობას, ქალაქის შიდა გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაათვალიერა პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციებით მშენებარე სასტუმრო.

პრემიერ-მინისტრი ფოთის შემდეგ ზუგდიდში გაემგზავრა, დაათვალიერა კომპანია ,,ფერერო" და მის მიერ გაშენებული თხილის პლანტაციები. პრემიერ-მინისტრი თხილის ქარხანა ,,არგონატცის" ინვესტორებსაც შეხვდა. ეს ქარხანა მიმდინარე წლის თებერვლიდან ამოქმედდა. ქარხანაში დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 11 მილიონი დოლარია, მისი სრული დატვირთვით ამუშავებისთვის კი თანხა უახლოეს მომავალში 22 მილიონამდე გაიზრდება. ზუგდიდში ზურაბ ნოღაიდელმა ასევე დაათვალიერა ყინულის მოედანი და სპორტული დარბაზი, რომელთა მშენებლობაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ზუგდიდის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი განმუხურის პატრიოტთა ბანაკს ეწვია და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან სინანულით აღნიშნა, რომ ვერ მოახერხა სწვეოდა ბანაკს, როცა იქ პატრიოტები ისვენებდნენ. იმედი გამოხატა, რომ მალე დავიბრუნებთ აფხაზეთს და პატრიოტთა ბანაკები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშენდება.

- ,,გამოცოცხლებულია ფოთიც და ზუგდიდიც. შეიმჩნევა მნიშვნელოვანი დინამიკა და ეკონომიკური აქტივობა, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე გასული ორი წლის მანძილზე. განსაკუთრებით მახარებს კერძო ინიციატივით განხორციელებული პროექტები ფოთსა და ზუგდიდში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი