მრგვალი მაგიდა ,,ბიზნესის წარმოება და ინვესტირება საქართველოში”

29 ოქტომბერს ვენაში ჟურნალ The Economist-ის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა ,,ბიზნესის წარმოება და ინვესტირება საქართველოში", რომლის მიზანი უცხოელი ინვესტორების საქართველოს ბიზნესგარემოთი დაინტერესება იყო. კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყანაში შექმნილი პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. მისი თქმით, ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ საქართველოში საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის შემდეგ ეტაპს. თუ სულ 2 წლის წინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 7% იყო, შარშან - 15% წელს კი 25% იქნება და ეს დინამიკა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ".

საქართველოში არსებულ დადებით ტენდენციებს ფორუმის მონაწილეებიც აღნიშნავდნენ. კერძოდ, ითქვა, რომ ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, საქართველო მსოფლიო ბიზნესრუკაზე უკვე მკვეთრად ჩანს და ამ კონფერენციაზე ქვეყანას კიდევ ერთი შანსი ეძლევა წარსდგეს უცხოელი ინვესტორების წინაშე. კომპანია ,,ენერგო პროს" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინათ თავად იყო იმ კონფერენციის მსმენელთა შორის, რომელიც მიეძღვნა საქართველოში არსებულ კომფორტულ ბიზნესგარემოს. ახლა კი მას თავად სურს დაასაბუთოს, რომ საქართველოს ბიზნესში საინვესტიციო კაპიტალი აუცილებლად უნდა დააბანდონ.

ამავე მრგვალი მაგიდის ფარგლებში ავსტრიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოს მხარემ წარუდგინა ახალი ბიზნესპროექტები, კეროდ, ,,საქართველოს რკინიგზა", ,,ფოთის პორტი", ასევე პროექტები, რომლებიც ეხება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი