პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღე

6 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ევროპის კავშირის გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას (Javier Salana). შეხვედრაზე ილაპარაკეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვლადიმერ გურგენიძის თქმით, ,,ამ ეტაპზე ჩვენ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ არჩევნებსა და საარჩევნო პროცესის ღირსეულად წარმართვაზე. ამ საკითხს, ბუნებრივია, დაწვრილებით შევეხეთ. იმისათვის, რომ 5 იანვრის შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი, როგორც ევროპული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ჩვენს ევროპელ და არამარტო ევროპელ მეგობრებს უნდა დაველაპარაკოთ იმაზე, თუ ისევ მეტაფორას მოვიშველიებ, როგორ შეიძლება ტალღებისა და მღელვარების მაქსიმალურად შემცირება".

საგარეო საკითხებში ევროკომისართან ბენიტა ფერერო-ვალდნერთან (Benita Ferrero-Waldner), ასევე აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდთან (Daniel Fried) შეხვედრებზე განიხილეს არჩევნებისათვის მზადების, საქართველოს ევროსტრუქტურებთან დაახლოების, თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული საბაჟო პროცედურების საკითხები.

დენიელ ფრიდთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა: ,,ვილაპარაკეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს და შეიძლება წარმოიშვას განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. მან გამაცნო თავისი მიდგომები კოსოვოს საკითხისადმი. საკმაოდ მრავლის მთქმელი და ძალიან გულღია საუბარი იყო". თავის მხრივ, დენიელ ფრიდი დაუშვებელად მიიჩნევს კოსოვოს მოდელის პრეცედენტად აღიარებას. კოსოვოს მოდელს არ აქვს კავშირი საქართველოსთან, იგი არ არის პრეცედენტი აფხაზეთისათვის, ოსეთისათვის, დნესტრისპირეთისათვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში პეტერ მანდელსონს (Peter Mandelson).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი