ლადო გურგენიძე ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

11 დეკემბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური და სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე. იმსჯელეს ინიციატივაზე, რომელიც მეწარმეების იაფი კრედიტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ინიციატივის გახმოვანება, პირველ რიგში, ნაკარნახევი იყო ეკონომიკის რეალური სექტორის დახმარების სურვილით, იმ ფარგლებში, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. მისი მიზანია გაიზარდოს დასაქმება, ასევე იმ ადამიანთა დახმარება, ვისაც აქვს საკუთარი საქმის დაწყების ამბიცია, ინტერესი, ჟინი და თუ გნებავთ აზარტი. საქართველოში ბოლო წლებში ინტენსიურად ხდება ახალი კომპანიების დაფუძნება. თუ შესაძლებელია ამ პროცესის კიდევ უფრო სტიმულირება, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, ვინაიდან მცირე საწარმოების, ინდივიდუალურ მეწარმეთა ფენის გაზრდით, წინ მიდის ეკონომიკა, უმჯობესდება სოციალური ფონი და, რა თქმა უნდა, დასაქმების პრობლემა ნაწილობრივ მაინც იხსნება. გასათვალისწინებელია აგრეთვე საექსპორტო მიმართულებაც. ბოლო დროს ამის შესახებ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, რადგან ეს არის მართლაც ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისათვის.

ჩვენი აქ ყოფნა ადასტურებს სურვილს, თქვენთან ერთად, თქვენი ადმინისტრირებით და ჩვენი მონიტორინგით (ეროვნული ბანკის), სიმბიოზში მოვახერხოთ შეღავათიანი დამატებითი საკრედიტო რესურსების შექმნა, რომ წავახალისოთ ექსპორტი. აი ეს არის ის ძირითადი კომპონენტები ამ პროგრამისა, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ.

უნდა ითქვას, რომ ამ პროგრამაში მონაწილოება სრულიად ნებაყოფლობითია. ვიმედოვნებ, მასში, თუნდაც რაღაც ასპექტში, ბევრი ბანკი მიიღებს მონაწილოებას. შეიძლება რომელიმე ბანკს აინტერესებდეს ახალი საწარმოების შექმნასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და იმ ნაწილში იაფი რესურსის დამატებით გამოყოფა, ზოგიერთი ბანკის კლიენტურა კი უფრო ორიენტირებული იყოს საექსპორტო მიმართულებაზე. თუმცა კიდევ გვაქვს იდეები, მათ შორის, ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება დეპრესიულ რეგიონებზე იყოს ფოკუსირებული და შესაბამისად, იყოს ბანკები, რომლებსაც ასეთი ტიპის რეგიონებში აინტერესებთ მუშაობა.

იმედია, ჩვენ მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით არ შემოვიფარგლებით და თვის ბოლომდეც კი გაჩნდება ამ პროგრამის კონკრეტული ერთობლივი მონახაზები საიმისოდ, რომ გვიან ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე დაიწყოს მან რეალური შედეგების მოტანა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი