ლადო გურგენიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში იმყოფებოდა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მას თან ახლდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მაია მიმინოშვილი.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამედროვე დონეზე ახლად რეაბილიტირებული სასწავლებელი. მან აღნიშნა, რომ 2007 წელს განხორციელდა 10 სასწავლებლის რეაბილიტაცია, 2008 წელსაც სახელმწიფოს ხარჯზე დაახლოებით ამდენივე სასწავლებლის რეაბილიტაცია იგეგმება.

როგორც ლადო გურგენიძემ აღნიშნა, კერძო სექტორთან განხილულ იქნა, როგორ შეიძლება ბიზნესის და მთავრობის ერთობლივი მუშაობით ამ პროცესის დაჩქარება. სადღეისოდ ქვეყანაში 38 პროფესიული სასწავლებლია. გარდა ამისა, სახელმწიფო მფლობელობაში არის საკმაო რაოდენობის ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც არ არის გამოყენებული და სავსებით შესაძლებელია გამოდგეს პროფესიული სასწავლებლების ჩამოსაყალიბებლად. ამ მიზნით იანვრიდან დაიწყება ასეთი სახელმწიფო ობიექტების კერძო სექტორზე პირობითი პრივატიზაცია, რათა კერძო პირებისათვის, საკუთარი სურვილისამებრ, შესაძლებელი გახდეს ამ ობიექტებზე, სათანადო სასწავლებლების შექმნა. სასწავლებლები შეიძლება იყოს ერთპროფილიანი, მრავალპროფილიანი, ან შეიძლება რამდენიმე სექტორი შეერწყას ერთმანეთს. მაგალითად, მშენებლები და დეველოპერები. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ახალი საბანკო თრეინინგცენტრი. ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, ვინაიდან მთავრობა ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, მოქნილი და სწრაფი, როგორც თავად ბიზნესსექტორი.

ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ უმუშევრობაზე. ეს არის უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი ეფექტიანი და ქმედითი გზა. არის უამრავი ვაკანსია, თუმცა არ არიან საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები, ვისაც შესაბამისი უნარ-ჩვევები გააჩნია. ამ ტიპის სასწავლებლების კურსდამთავრებულები გახდებიან ის ათეულობით, ასეულობით სპეციალისტი, ვისაც იმ პროგრამებით მოუწევს სწავლა, რასაც თავად ბიზნესსექტორი მოითხოვს და მათი მომავალი დამსაქმებლები გააკონტროლებენ. ამ მიზნით შეიძლება წამოვიწყოთ ხშირი და პერიოდული გადამზადების კურსები, ან კლასიკური, ორწლიანი სწავლება, შესაძლოა ორივეს კომბინაციაც. დღეს სწორედ ეს ინიციატივა და ნოვაცია შემოგვაქვს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი