პროგრამა – ,,ღირსეული დასაწყისი” – 21 დეკემბრიდან ამოქმედდება

13 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი პროგრამის - ,,ღირსეული დასაწყისი" - ამოქმედების დეტალებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს პროგრამა ვადაზე ადრე, 21 დეკემბრიდან, დაიწყება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს: ,,დღეს გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ბიზნესის ინიციატივა - ,,ღირსეული დასაწყისი" - რომელსაც საქართველოს მთავრობამ აუბა მხარი, ნელნელა იძენს მის ასამოქმედებლად საჭირო ყველა ატრიბუტს. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა ბიზნესწრეების იმ წარმომადგენლებთან, ვინც უძღვება ამ ორგანიზაციულ მუშაობას. არის ძალიან დიდი დაინტერესება, ბევრი კომპანია გამოეხმაურა ამ ინიციატივას, რისთვისაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მკაფიოა განცდა იმისა, რომ სოციალური სოლიდარობა არის ჩვენი ქართული ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისება. უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ, აქ მყოფი და, აგრეთვე, სხვა ბიზნესლიდერების ძალისხმევით გამოიძებნა საშუალება იმისათვის, რომ ეს პროგრამა უკვე 21 დეკემბრიდან დაიწყოს".

როგორც აღინიშნა, პროგრამა ამოქმედდება 10 დღით ადრე, ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 300-400 ხელმოკლე ოჯახი დახმარებას უკვე ამ თვიდან მიიღებს. ასეთ ოჯახებში ყოველ დაბადებულ ახალშობილზე 1000-ლარიანი ბარათი გაიცემა, რომლის განაღდებაც შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებულ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში.

დასასრულ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ქართული ბიზნესის ლიდერებს, ყველა იმ კომპანიას, ვინც მხარში ამოუდგა ამ ინიციატივას, ვინც დაეხმარა სოციალურად დაუცველ, ხელმოკლე ოჯახებს. ასეთი ოჯახი კი, სამწუხაროდ, საქართველოში 360 ათასია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ბიზნესი ზოგადად ქველმოქმედების კუთხით ძალიან ბევრს აკეთებს და ,,ღირსეული დასაწყისი" ამის ნათელი დადასტურებაა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი