თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს ეკა ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს

14 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, ნინო ბურჯანაძის ინიციატივით, შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებას და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან მათ ურთიერთობას, ასევე გამოიძიებს ყველა ინციდენტსა თუ შესაძლო ინციდენტს. - ,,ბუნებრივია, ყოველივე ეს არ არის მარტივი პროცესი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამუშაო ჯგუფი. ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ნაკაშიძე, იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. მე უკვე შევხვდი ამ ჯგუფის წევრებს, აგრეთვე, ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს. შეხვედრები გაგრძელდება საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან და სულ მალე პროცესი სამოქმედო რეჟიმში ჩადგება", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

თავის მხრივ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა ტყეშელაშვილმა დასძინა, რომ ამ ჯგუფს საკმაოდ მჭიდრო და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ექნება მედიის წარმომადგენლებთან. მუშა ჯგუფი ორ ძირითად მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული. პირველი ეს არის მაქსიმალური კოორდინაცია ყველა სამთავრობო უწყებასთან, რათა არჩევნები ღიად და თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს. მეორე მიმართეულება, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი - კოორდინაცია დამკვირვებლებთან, მათი მუშაობის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი