ვლადიმერ გურგენიძე დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა

15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დასავლეთ საქართველოს რეგიონებს სტუმრობდა. მას თან ახლდა სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი.

თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ბათუმში ჩავიდა, აეროპორტში მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დახვდა და ისინი ხელვაჩაურში გაემგზავრნენ. ვლადიმერ გურგენიძემ ადგილობრივი ფერმერის ალექსანდრე ჭურკვეიძის ციტრუსის პლანტაციები დაათვალიერა და მანდარინის კრეფაშიც მიიღო მონაწილეობა, ეწვია ასევე ციტრუსის გადამმუშავებელ საწარმო ,,ხილის კომპანია ნარინჯს". მისი შეფასებით, ეს არის მეტად საინტერესო, ახლებური ტიპის, დინამიკური, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო, დიდი გეგმებით და საინტერესო ბიზნესკონცეფციით. ამ კომპანიამ წელს უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში 700 ტონა მანდარინი გაიტანა, ორი ათასი ტონა კი გადამუშავების პროცესშია. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ექსპორტი ძირითადად უკრაინაში, ყაზახეთში, ასევე შუა აზიის სხვა ქვეყნებში, ხორციელდება. წლეულს ექსპორტის არეალი უფრო ფართოა, ვიდრე შარშან, უკვე გატანილია ორჯერ მეტი ციტრუსი, ვიდრე შარშან მოვიწიეთ. წლევანდელი მოსავალი კი შარშანდელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია. ქობულეთში პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი თანამედროვე გადამმუშავებელი ხაზი დაათვალიერა შპს ,,ქართულ პროდუქტში".

ვლადიმერ გურგენიძე ფოთის პორტის პრეზენტაციასაც დაესწო და კატარღით მისი აკვატორია დაათვალიერა. მან ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: - ,,საქართველოს აქვს მკაფიოდ გამოხატული სატრანზიტო ფუნქცია. ფოთის პორტი, რომელსაც უკვე 148 წელი შეუსრულდა, სულ სხვა ტვითბრუნვისა და რეალიებისათვის იყო გათვალისწინებული. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად გავზარდოთ მისი გამტარუნარიანობა. აი ეს არის ის ამოცანა, რასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ პროექტს ქართული ექსპორტის ზრდისათვის, რადგან პორტის ინფრასტრუქტურას, ამ პროექტს ბუნებრივად ებმება ძალიან ბევრი ახალი ლოჯისტიკური ცენტრი, ბევრი საწარმო, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უფრო მეტ დასაქმებას. არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე, ამ პროექტის ამოქმედებიდან რამდენიმე წელიწადში, რეგიონში მუშახელის დეფიციტიც კი გაჩნდეს. მომდევნო 10 წელი ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება. ფოთის პორტს ეს საშუალებას მიცემს იყოს კონკურენტუნარიანი მთელ შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში. გარდა ამისა, მთელ ქვეყანას შეუნარჩუნებს და გაუძლიერებს სატრანზიტო ფუნქციებს (ლაპარაკია შუა აზიის ქვეყნებიდან ტვირთბრუნვაზე ევროგაერთიანების მიმართულებით. არის პოტენციალი, რომ ამ პროექტში ჩინეთიც ჩაებას). გეგმები და ენთუზიაზმი ძალიან დიდია. ახლა საჭიროა მუშაობა და ამ გეგმების დასრულება, არჩევა სწორი ინვესტორის, თუ ინვესტორებისა. ხოლო ამის შემდეგ უკვე ტექნიკური საკითხები რჩება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დასასრულ ვლადიმერ გურგენიძემ ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის თაბაშირ-მუყაოს ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო შპს ,,ხიბლი" დაათვალიერა და მისი საქმიანობით დაინტერესდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი