საკადრო ცვლილებები მთავრობაში

2008 წლის 9 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა.

"როგორც მოგახსენეთ, გრძელდებოდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან საქართველოს მთავრობის გუნდის შემდგომი გადახალისების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად შევძლოთ ყველა იმ დასახული ამოცანის შესრულება, რომელიც ჩვენ ხალხს დავპირდით, შევძლოთ 18 თვიანი გეგმის შესასრულებლად თანმიმდევრულად გადავდგათ ნაბიჯები, რაც საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას იმ კრიზისიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა რუსეთის აგრესიის შედეგად.

მინდა წარმოგიდგინოთ მინისტრთა კაბინეტის ახალი კანდიდატები - პარლამენტის წევრები.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტს წარვუდგენ ბატონი ლაშა ჟვანიას კანდიდატურას. გარდა იმისა, რომ ლაშა ჟვანია გახლავთ გამოცდილი დიპლომატი, მას აქვს ძალზედ დიდი გამოცდილება ინვესტორებთან მუშაობის. ის იყო ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი და კარგად იცის თუ რა სჭირდება ხალხს, რა უჭირს ხალხს და როგორ უნდა მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები საქართველოში.

ქალბატონი ეკა შარაშიძე უბრუნდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მას გაწეული მუშაობისათვის. მან საქართველოსთვის ურთულეს დღეებში, თავისი თავდადებისა და სამინისტროს ყველა თანამშრომლის თავდადების ხარჯზე შეძლო ის, რომ ქართულმა ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და საქართველომ ამ ურთულეს პერიოდში გაუძლო ძალზედ მძიმე გამოწვევებს.

აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრად ინიშნება გამოცდილი დიპლომატი, ჩვენი ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვასილ სიხარულიძე. ვასილ სიხარულიძე გახლავთ გამოცდილი დიპლომატი, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობამდე მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, მას აქვს ნატო-ში საქართველოს მისიაში მუშაობის გამოცდილება, ის ასევე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში. მე ვთვლი, რომ ამ ურთულეს პერიოდში ვასილ სიხარულიძე შეძლებს წარმატებით გაართვას თავი ამ ძალზე დიდ პასუხისმგებლობას.

ასევე მინდა შემოგთავაზოთ გამოცდილი პარლამენტარი, ადამიანი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ნაცნობი არის უფრო, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი. მინდა წარმოვადგინო ბატონი ნიკოლოზ რურუა საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატად. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ხაზი გადის სწორედ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის საკითხებზე. ჩვენთვის აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ქართული კულტურის გარეთ გატანა და მსოფლიოსთვის ჩვენება. ეს მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს რთულ პერიოდში სირთულეების გადალახვაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის ახალ წევრებს წარმატება უსურვა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი